ეკონომიკის ოლიმპიადა არის პროექტი, რომელიც აუმჯობესებს ეკონომიკური და ფინანსური წიგნიერების დონეს სკოლის მოსწავლეებში. იგი დაარსდა ეკონომიკური განათლების ინსტიტუტის (INEV) მიერ ჩეხეთის რესპუბლიკაში 2016 წელს, 2017 წლიდან კი გახდა საერთაშორისო პროექტი. ეკონომიკის საერთაშორისო ოლიმპიადა უკვე ტარდება 20-მდე ქვეყანაში, რომელშიც ყოველწლიურად ჩართულია 100 000 მოსწავლე და 4 000-მდე მასწავლებელი და ეს მონაცემები წლიდან წლამდე იზრდება. საქართველოში ეკონომიკის ოლიმპიადას საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივა (GELi) ექსკლუზიური უფლებით ახორციელებს 2023 წლიდან.
ეკონომიკის ოლიმპიადაში გარდა მოსწავლეებისა, მნიშვნელოვან როლს ასრულებენ სკოლის მასწავლებლები/სკოლის წარმომადგენლები, რომლებიც არეგისტრირებენ სკოლას ოლიმპიადის მონაწილედ და ასრულებენ ეკონომიკის საერთაშორისო ოლიმპიადის სკოლის კოორდინატორის როლს.
ეკონომიკის ოლიმპიადაში მონაწილეობა და ფინანსური და ეკონომიკური ცოდნის მიღება შეუძლია ყველა მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეს სამომავლო პროფესიული მიზნების მიუხედავად. ეკონომიკის ოლიმპიადა შედგება რაუნდებისგან, რომელიც განსხვავდება თავისი ფორმატით.
კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ ელ. ფოსტაზე: info@geli.org.ge ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 598483304
სკოლის რაუნდი
სკოლის რაუნდი ტარდება ონლაინ ტესტირების სისტემის საშუალებით. ტესტირებამდე ხდება სკოლის რეგისტრაციის პროცესი და მასწავლებლები რეგისტრირდებიან როგორც თავიანთი სკოლის კოორდინატორები. სკოლების რეგისტრაციის შემდეგ ტესტირების კვირაში მოსწავლეები წერენ ტესტს სკოლაში, რომელიც 25 კითხვას მოიცავს და 40 წუთი გრძელდება. წარმატებული მოსწავლეები მონაწილეობას იღებენ ეროვნულ რაუნდში.
2025 წლის სკოლის რაუნდთან დაკავშირებული დეტალები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://www.geli.org.ge/ka/projects/29
ეროვნული რაუნდი
ეროვნული რაუნდი მიმდინარეობს მთელი დღის განმავლობაში ღონისძიების ფორმატით. მოწვეული იქნებიან სტუმრები და მოსწავლეებს საშუალება ექნებათ მიიღონ მონაწილეობა პანელურ დისკუსიაში მათთან ერთად. ტესტირების პროცესში მოსწავლეები უპასუხებენ დახურულ და ღია კითხვებს ეკონომიკის საკითხებზე და დაწერენ ესეს. შერჩეული 10 მოსწავლე, რომელიც ტესტირების შედეგებით გამოვლინდება მონაწილეობას მიიღებს ეკონომიკის საზაფხულო ბანაკში, რომელიც აგვისტოში ტარდება.
2024 წლის ეროვნულ რაუნდთან დაკავშირებული დეტალები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://www.geli.org.ge/ka/projects/28
ეკონომიკის საზაფხულო ბანაკი
ბანაკში საქართველოს ეროვნული რაუნდის 10 გამარჯვებული მონაწილე უფასოდ ჩაერთვება, ხოლო ეროვნული რაუნდის სხვა მონაწილეები რეიტინგების მიხედვით მიიღებენ 70%, 50% და 20% ფასდაკლებას. ბანაკში, გარდა ქართველი მონაწილეებისა, იქნებიან ეკონომიკის ოლიმპიადის გამარჯვებულები უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან. ბანაკი შედგება ონლაინ კურსის და ფიზიკური ბანაკისგან, რომელიც გარდა სასწავლო აქტივობებისა მოიცავს ტურებს საქართველოს ტურისტულ ადგილებში, კულტურულ ღონისძიებებს და ა.შ. ბანაკის 10 ქართველი მონაწილედან შეირჩევა 5 მოსწავლე, რომლებიც საქართველოს სახელით იასპარეზებენ საერთაშორისო ფინალურ რაუნდზე.
საერთაშორისო ფინალური რაუნდი
საერთაშორისო ფინალური რაუნდი არის ოფიციალური ღონისძიება თითოეული ქვეყნის 5 საუკეთესო კონკურსანტისთვის, რომელიც ჩვეულებრივ 2-4 დღე გრძელდება სექტემბერში. ფინალური რაუნდი ტარდება საბერძნეთში, ძველ ოლიმპიაში, რომელსაც საერთაშორისო ოლიმპიური აკადემია მასპინძლობს.
კონკურსი ორ ნაწილიანია, წერითი და ზეპირი. თავდაპირველად იქნება წერითი გამოცდა და შემდეგ 10 საუკეთესო შედეგის მქონე მოსწავლე მონაწილეობას მიიღებს ზეპირ გამოცდაში. გარდა კონკურსისა იქნება სხვა დამატებითი აქტივობებიც მონაწილეებისთვის, როგორიცაა სემინარები, გუნდური აქტივობები, ტურები ქალაქში და ა.შ. ეს არის განსაკუთრებული ღონისძიება, რომელიც იძლევა ახალი საერთაშორისო კავშირების დამყარებისა და საუკეთესო მოსწავლეების გაერთიანების შესაძლებლობას.