10.05.2024
წარმოიდგინე ოლიმპიადაზე მოსვლამდე გადაწყვიტე შესულიყავი მაღაზიაში და გეყიდა შოკოლადი. შენ ძალიან გიყვარს ტვიქსი და კიტ-კეტი, თუმცა არ იცი, რომელი იყიდო, ვინაიდან ორივე გიყვარს. ეკონომისტები ამ შემთხვევაში ტვიქსსა და კიტ-კეტს მივიჩნევთ შემცვლელებად.
შემცვლელებად მივიჩნევთ მინიმუმ ორ პროდუქტს, რომლებიც შეიძლება გამოიყენებულ იქნეს ერთი და იმავე მიზნებისთვის. მაგალითად, Apple-ისა და Android-ის სმარტფონები, ან სხვადასხვა ბრენდის ყავები, ან თუნდაც ვაშლი და ფორთოხალი.
აღსანიშნავია, რომ ეკონომიკურ ბაზარზე, თუ ერთი პროდუქტის ფასი გაიზარდა, ის შეამცირებს მოთხოვნას მოცემულ პროდუქტზე და გაზრდის მოთხოვნას შემცვლელ პროდუქტზე. სიმარტივისთვის, თუ გვაქვს ყავის ორი ბრენდი და ერთი ბრენდის ყავაზე ფასმა დაიკლო, მაშინ ის გაზრდის მოთხოვნას ყავის მოცემულ ბრენდზე და, შესაბამისად, შეამცირებს მოთხოვნას ყავის მეორე, ანუ შემცვლელ, ბრენდზე, ვინაიდან მომხმარებლები იყიდიან ყავას პირველი მწარმოებლისგან, რომელიც მათ უფრო იაფ პროდუქტს სთავაზობს.
თუმცა პროდუქტების კლასიფიკაცია მხოლოდ შემცვლელებად არ არის საკმარისი. ხშირად ჩვენ შემცვლელ პროდუქტებს ვყოფთ ე.წ. „სრულყოფილ“ და „არასრულყოფილ” შემცვლელებად.
შემცვლელებს მივიჩნევთ სრულყოფილად, თუ პროდუქტი შეიძლება გამოყენებულ იქნას ერთი და იმავე მიზნისთვის, იმის გათვალისწინებით, რომ პროდუქტები თითქმის იდენტურია. მაგალითისთვის, კარაქი ორი სხვადასხვა მწარმოებლისგან, ხორბალი ორი სხვადასხვა ქვეყნიდან, ოქრო სხვადასხვა მაღაროდან, ელექტროენერგია და ა.შ.
მაგალითად, ერთდოლარიანი კუპიურა არის სრულყოფილი შემცვლელი სხვა ერთდოლარიანი კუპიურისთვის.
სრულყოფილი შემცვლელების შემთხვევაში მომხმარებლის გადაწყვეტილების განმსაზღვრელი სწორედ პროდუქტის ფასია, ვინაიდან სრულყოფილი შემცვლელები თითქმის იდენტური პროდუქტებია მსგავსი ხარისხით.
ფოტო: Jonas F