07.04.2024

სადაზღვევო პრემიუმი

 

სადაზღვევო პრემიუმი არის თანხა, რომელსაც ფიზიკური ან იურიდიული პირი იხდის სადაზღვევო კომპანიისთვის დაზღვევის სანაცვლოდ. მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის დაზღვევის ფასი. ამ თანხას ძირითადად იხდიან რეგულარულად, მაგალითად, თვიურად, კვარტლურად ან ყოველწლიურად დაზღვევის ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე.

სადაზღვევო პრემიუმი განისაზღვრება სხვადასხვა ფაქტორით:

  • კომპენსაციის ოდენობა

რაც უფრო დიდია კომპენსაციის ოდენობა, მით უფრო ძვირია დაზღვევა.

მაგალითად, იმ დაზღვევის ყოველთვიური გადასახადი, რომელიც ფარავს მაქსიმუმ 50,000 ლარს, ბევრად აღემატება იმ დაზღვევის გადასახადს, რომელიც მაქსიმუმ 10,000 ლარს ანაზღაურებს.

  • რისკი

სადაზღვევო პრემიუმის დასადგენად კომპანიები აფასებენ რისკს, რომელიც დაკავშირებულია ამ ფიზიკური ან იურიდიული პირის დაზღვევასთან. ისინი ითვალისწინებენ ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა: ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, პროფესია, მდებარეობა და სხვა. მაგალითად, ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანი შეიძლება ჩაითვალოს მაღალრისკიან მომხმარებლად, შესაბამისად, უფრო მაღალი სადაზღვევო პრემიუმი ექნება.

  • დაზღვევის ტიპი

სხვადასხვა ტიპის დაზღვევას აქვს განსხვავებული რისკი და ხარჯები. 

მაგალითად, ჯანმრთელობის დაზღვევა ითვალისწინებს ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა: საცხოვრებელი ადგილი, ასაკი, ჯანმთელობის მდგომარეობა, დაავადებები და ა.შ. ხოლო ავტოდაზღვევის პრემიუმზე გავლენას ახდენს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა: მანქანის ტიპი, მართვის ისტორია და ჩანაწერი და სხვა.

სადაზღვევო კომპანიები იყენებენ სტატისტიკურ მონაცემებს, რათა განსაზღვრონ მომხმარებლისთვის შესაბამისი სადაზღვევო პრემიუმი. 

 

ფოტო: RDNE Stock project