06.10.2023
საბაზრო ეკონომიკა
საბაზრო ეკონომიკა არის ეკონომიკური სისტემა, სადაც საქონლისა და მომსახურების ფასი განისაზღვრება ღია ბაზრითა და მომხმარებლების მოთხოვნა-მიწოდებით და არა სახელწმიფოს ჩარევით. საბაზრო ეკონომიკაში ინდივიდებსა და ბიზნესებს თავისუფლად შეუძლიათ მიიღონ ისეთი ეკონომიკური გადაწყვეტილებები, როგორიცაა: რა აწარმოონ, როგორ აწარმოონ და ვისთვის აწარმოონ. კონკურენცია ბიზნესებს შორის არის ფუნდამენტური დამახასიათებელი საბაზრო ეკონომიკისთვის, ვინაიდან ის ქმნის ეფექტიანობას, ინოვაციებსა და ეკონომიკურ ზრდას.
საბაზრო ეკონომიკის მთავარი მახასიათებლები:
კერძო საკუთრების უფლება
ინდივიდებსა და ბიზნესებს უფლება აქვთ ფლობდნენ კერძო საკუთრებას, მაგალითად, მიწას, კაპიტალს, რესურსებს და ა.შ.
ინდივიდებსა და მეწარმეებს აქვთ თავისუფლება დაიწყონ, აწარმოონ და დახურონ ბიზნესები თავიანთი სურვილების მიხედვით მთავრობის რეგულაციების გარეშე
მთავრობის მინიმიზებული როლი
როგორც წესი, საბაზრო ეკონომიკაში მთავრობის როლი მინიმუმამდეა დაყვანილი და იგი შემოიფარგლება საკუთრების უფლებების, კონკურენციის სამართლიანი და არა მონოპოლისტური უზრუნველყოფით. თუმცა მთავრობებს შეუძლიათ უზრუნველყონ ისეთი საქონლითა და მომსახურებით, რომელსაც კერძო სექტორი ეფექტურად ვერ უზრუნველყოფს, მაგალითად, ინფრასტრუქტურა ან თავდაცვა.
საქონლისა და მომსახურების ფასს არ აწესებს სახელმწიფო, არამედ იგი განისაზღვრება მოთხოვნა-მიწოდებით.
ბიზნესების მთავარი სტიმული და მიზანი მაქსიმალური მოგების მიღებაა. შესაბამისად, ისინი აწარმოებენ იმ პროდუქტებს, რომლებზეც მომხმარებლებს აქვთ მოთხოვნა. მოგების მოტივი კი მნიშვნელოვანი სტიმულია ინოვაციებისთვის, ეფექტიანობისა და მეწარმეობისთვის.
მიუხედავად ზემოხსენებული დადებითი მხარეებისა, ზოგიერთი თვლის, რომ საბაზრო ეკონომიკამ შეიძლება მიგვიყვანოს ეკონომიკურ უთანასწორობამდე და ბაზრის კრახამდე.
ცენტრალურად დაგეგმილი ეკონომიკა
ცენტრალურად დაგეგმილი ეკონომიკა არის ეკონომიკური სისტემა, რომელშიც მთავრობა ან ცენტრალური ხელისუფლება იღებს ყველა გადაწყვეტილებას საქონლისა და მომსახურების წარმოებასთან, განაწილებასთან და მიწოდებასთან დაკავშირებით. ამ სისტემაში სახელმწიფო აკონტროლებს წარმოებას და ფლობს მიწას, კაპიტალს და რესურსებს. ცენტრალური ხელისუფლება განსაზღვრავს წარმოების მიზნებს, ანაწილებს რესურსებს, აწესებს ფასებს და წყვეტს რომელი პროდუქტი და რა რაოდენობით იქნება წარმოებული.
ცენტრალურად დაგეგმილი ეკონომიკის მთავარი მახასიათებლები:
წარმოების კონტროლი
სახელმწიფო აკონტროლებს წარმოებას, ფლობს მიწებს, ფაბრიკებს, ფირმებს და სხვა რესურსებს.
ცენტრალური დაგეგმვა
ეკონომიკური გადაწყვეტილებები მიიღება ცენტრალური ხელისუფლების და არა ბაზარზე არსებული გამყიდველებისა და მყიდველების მიერ.
რესურსების გადანაწილება
სახელმწიფო აკონტროლებს და ანაწილებს რესურსებს ინდუსტრიებისა და სექტორების მიხედვით სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული ეკონომიკური მიზნებისა და პრიორიტეტების შესაბამისად.
ფასების კონტროლი
საბაზრო ეკონომიკისგან განსხვავებით, სადაც ფასები დგინდება მოთხოვნა-მიწოდებით, აქ ფასს აწესებს სახელმწიფო. ამან კი შეიძლება გამოიწვიოს ბაზრის დეფიციტი ან პროფიციტი და ასევე რესურსების არარაციონალური გადანაწილება.
კონკურენციის ნაკლებობა
ვინაიდან სახელმწიფო აკონტროლებს ინდუსტრიებისა და ფირმების უმეტესობას, შესაბამისად, კონკურენცია ან ლიმიტირებულია ან არ არსებობს. ხშირად ასეთ სისტემაში არსებობს ბარიერები, რომლებიც აფერხებენ ბაზარზე ახალი კომპანიებისა შემოსვლას.
ცენტრალურად დაგეგმილი ეკონომიკური სისტემა უმეტესწილად დამახასიათებელი იყო სოციალური და კომუნისტური სახელმწიფოებისთვის მე-20 საუკუნეში. მაგალითად, საბჭოთა კავშირი, მაო ძედუნის დროინდელი ჩინეთი. ცენტრალურად დაგეგმილ ეკონომიკას აკრიტიკებენ არაეფექტიანობის, ინოვაციების ნაკლებობისა და მომხმარებლების შეზღუდული არჩევნისა და თავისუფლების გამო.
შერეული სისტემა
აღსანიშნავია, რომ თანამედროვე სამყაროში ქვეყნების უმეტესობა გადასულია ე.წ. „შერეულ სისტემაზე“, რომელშიც როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორს აქვს მნიშვნელოვანი როლი ეკონომიკური გადაწყვეტილებების მიღებაში.
კერძო სექტორი ფლობს მიწას, კაპიტალს, რესურსებს და აკონტროლებს წარმოების დიდ ნაწილს. სახელმწიფო კი უზრუნველყოფს ე.წ. „საზოგადოებრივი საქონლით“, რომელშიც მოიაზრება თავდაცვა, ინფრასტრუქტურა, საზოგადოებრივი ჯანდაცვა და ა.შ., ასევე აწესებს რეგულაციებს, რათა აღმოფხვრას საბაზრო ეკონომიკით გამოწვეული საბაზრო კრახები. დამატებით, არეგულირებს და უზრუნველყოფს სამართლიან კონკურენციას, იცავს მომხმარებლების უფლებებს. სახელმწიფოს დიდი როლი ენიჭება განსაკუთრებით ეკონომიკური არასტაბილურობის პერიოდში.
შერეული ეკონომიკური სისტემის მაგალითებია: აშშ, დიდი ბრიტანეთი, კანადა, გერმანია და სხვა.
ფოტო: fauxels