09.08.2023
მშპ, ანუ მთლიანი შიდა პროდუქტი, ალბათ, ეკონომიკაში ყველაზე ცნობილი აკრონიმია, რომელიც გვიჩვენებს ერთი წლის განმავლობაში ქვეყნის ტერიტორიაზე წარმოებული პროდუქციისა და მომსახურების საერთო საბაზრო ღირებულებას. ერთი შეხედვით, შეიძლება მას ქვეყნის შემოსავლებისა და წარმოების რაოდენობის საზომიც დავარქვათ.
პირობითად, თუ არსებობს ისეთი ქვეყანა, რომელმაც ერთ წელიწადში აწარმოა 1 მილიონი დოლარის ხორბალი და 4 მილიონი დოლარის ღვინო, მაშინ მისი მშპ ამ წლის განმავლობაში შეადგენს 5 მილიონ დოლარს.
მშპ-ში არ შედის ე.წ.“შუალედური პროდუქტი“. მაგალითად, თუ შაქრის მწარმოებელმა შაქარი მიჰყიდა საკონდიტროს, კონდიტერმა კი ნამცხვარი გამოაცხო და გაყიდა, მაშინ მშპ-ში სწორედ ნამცხვარი შევა და არა შაქარი, ვინაიდან შაქრის ღირებულება ისედაც ნამცხვრის ფასშია გათვალისწინებული.
სხვადასხვა ქვეყნის სიმდიდრისა და ეკონომიკების შესადარებლად სწორედ მშპ-ს იყენებენ. თუმცა ხშირად ეკონომისტები მთლიან შიდა პროდუქტთან ერთად ქვეყნის მოსახლეობასაც ითვალისწინებენ. მშპ-ს მოსახლეობაზე გაყოფით კი ვიღებთ ახალ მაჩვენებელს ე.წ. მშპ-ს ერთ სულ მოსახლეზე, რომელიც გვიჩვენებს ქვეყნის ტერიტორიაზე წარმოებული ეკონომიკური სარგებლის წილს თითოეულ მოქალაქეზე.
როგორც იცი, ჩინეთს ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკა აქვს, რომელიც აშშ-საც კი უწევს კონკურენციას. თუმცა მშპ ერთ სულ მოსახლე ინდიკატორის მიხედვით, ჩინეთი ბევრად ჩამორჩება ისეთ პატარა სახელმწიფოებს, როგორიცაა: ლუქსემბურგი და ირლანდია.
მაღალი მშპ ერთ სულ მოსახლეზე მიუთითებს ერის პროდუქტიულობაზე, ძლიერ ეკონომიკაზე, კარგ საგანამანათლებლო სისტემასა და განვითარებულ ტექნოლოგიებზე. ეს კი ბევრ ინვესტორს სტიმულს აძლევს, რომ ჩადონ ფული ამ ქვეყნის ეკონომიკაში.
ზოგადად როცა ქვეყნები ეკონომიკურ ზრდაზე საუბრობენ, საუბარი სწორედ მშპ-ს ზრდაზეა. ეკონომისტები მშპ-ს იყენებ, იმის დასადგენად, თუ რამდენად პროდუქტიული იყო ქვეყანა კონკრეტული წლის განმავლობაში. თუმცა ამ ინდიკატორსაც თავისი ხარვეზები აქვს, სწორედ ამიტომ ქვეყნის ეკონომიკური სიჯანსაღის დასადგენად, მშპ-ს გარდა, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ისეთი საკითხები, როგორიცაა: ინფლაცია, უმუშევრობა...
ანიმაცია: ორჯერ ორი
ფოტო: Ricky Esquivel