06.06.2023

ლიზინგი

 

დავუშვათ, გსურს საცხობის გახსნა, თუმცა მუშაობის დაწყებამდე შენ გჭირდება ღუმელი, რომელიც გამოაცხობს შენს პროდუქტს. შესყიდვის მაგივრად შენ გადაწყვიტე ლიზინგში აგეღო ღუმელი. 

მოდი, საცხობისა და ღუმელის მაგალითზე ავხსნათ, რას ნიშნავს პროდუქტის ლიზიგნში აღება და რა პროცედურებს მოიცავს იგი.

იმისთვის, რომ ეს ღუმელი ლიზინგში აიღო, თავდაპირველად უნდა მოძებნო სალიზინგო კომპანია. შემდეგ თანხმდები სალიზინგო პერიოდზე, მაგალითად, 2 ან 3 წელი და ამ პერიოდის განმავლობაში შენ სალიზინგო კომპანიას უხდი ყოველთვიურ ფიქსირებულ გადასახადს, რომელიც ხელშეკრულებაშია გაწერილი. შეთანხმების შემდეგ სალიზინგო კომპანია ყიდულობს ღუმელს და გადმოგცემს შენ სარგებლობაში. მას შემდეგ, რაც დაიწყო შენმა საცხობმა მუშაობა, შენ ყოველთვიურ გადასახადს უხდი სალიზინგო კომპანიას, ვინაიდან ღუმელით სარგებლობ. ხელშეკრულებაში გათვალისწინებული პერიოდის შემდეგ შენ გაქვს რამდენიმე არჩევანი: დაუბრუნო სალიზინგო კომპანიას ღუმელი, განაახლო ლიზინგი და გააგრძელო ღუმელით სარგებლობა ან გამოისყიდო ღუმელი წინასწარ განსაზღვრული ფასით. ეს წინასწარ დგინდება ხელშეკრულებაში.

ლიზინგი საშუალებას აძლევს ახალბედა მეწარმეებს, რომ დაიწყონ საკუთარი საქმიანობა თავდაპირველი დიდი ინვესტიციების გარეშე. შენ შეიძლება თავიდან არ გქონდა ღუმელის ყიდვის თანხა, თუმცა ლიზინგმა საშუალება მოგცა, რომ თავიდან აგერიდებინა მისი შესყიდვის ხარჯები. გარდა ამისა, ლიზინგი ეხმარება მეწარმეებს, რომ რესურსები ისეთ რაღაცებზე დახარჯონ, რაც უფრო საჭირო და მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის.

ლიზინგი თითქოს სესხს გავს, თუმცა ლიზინგის აღება უფრო მარტივია და მისი უზრუნველსაყოფლად არ გჭირდება არანაირი უძრავი თუ მოძრავი ქონება. მეტიც, ზოგიერთ ქვეყანაში ლიზინგს ქირის მსგავსადაც იყენებენ. სარგებლობენ პროდუქტით სალიზინგო პერიოდში, იხდიან ყოველთვიურ გადასახადს და ლიზინგის ბოლოს აბრუნებენ მას.

დღესდღეობით საკმაოდ პოპულარულია მანქანის შესყიდვა ან სარგებლობა ლიზინგით, ე.წ. „ავტო-ლიზინგი“. „ავტო-ლიზინგი“ ბევრად მოსახერხებელია და მარტივ პროცედურებს შეიცავს ვიდრე ავტო-სესხი.

ფოტო: Antoni Shkraba