12.05.2023

იპოთეკური სესხი

 

წარმოიდგინე გსურს სახლის ყიდვა ან აშენება, თუმცა ამისთვის შესაბამისი სახსრები არ გაქვს, არც შენი ყოველთვიური ხელფასია საკმარისი, არც დანაზოგები გყოფნის. შესაბამისად, შენ გრჩება ერთი გამოსავალი, აიღო იპოთეკური სესხი.

როცა შენ გადაწყვეტ იპოთეკური სესხის აღებას, ბანკისგან შენ სესხულობ თანხას ბინის შესაძენად, სანაცვლოდ, შენ თანხმდები, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ჩვეულებრივ თვიურად, ბანკს გადაუხდი თანხას, რომელიც ნაწილობრივ ფარავს ნასესხებ თანხას და ასევე პროცენტს. პროცენტი რეალურად განსაზღვრავს რამდენით მეტი უნდა გადაიხადო, რომ ნასესხები თანხა უკან ბანკს დაუბრუნო.

იპოთეკური სესხის აღება საკმაოდ საპასუხისმგებლო საქმეა, რომელიც ჩვენი შესაძლებლობებისა და რისკების გულდასხმით შეფასებას მოითხოვს. ის მრავალწლიანი ვალდებულებაა. ადამიანები, ჩვეულებრივ, მას 15-30 წლით იღებენ. ამიტომ მნიშვნელოვანია მსესხებელი დარწმუნდეს, რომ მას შეეძლება სესხის დაფარვა როგორც დღეს, ასევე მომავალში. მეორე მხრივ, ბანკიც უნდა იყოს დარწმუნებული, რომ ამ პერიოდის განმავლობაში მსესხებელი თანხას დაფარავს, ამიტომ ხშირად იპოთეკური სესხის უზრუნველსაყოფად მსესხებლები იმავე ან სხვა უძრავ ქონებას იყენებენ.

სანამ იპოთეკურ სესხს აიღებ, მნიშვნელოვანია განსაზღვრო პირველ რიგში, რა ვალუტაში იღებ სესხს. თუ შენი შემოსავალი ლარებშია, მაშინ არ არის სასურველი სესხი აიღო უცხოურ ვალუტაში, რადგან შენი ვალდებულება დამოკიდებული იქნება ლარის გაცვლით კურსზე, რაც თავის მხრივ რისკებს მოიცავს.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია შეარჩიო შესაბამისი საპროცენტო განაკვეთი. მსესხებელმა არჩევანი ფიქსირებულ და ინდექსირებულ საპროცენტო განაკვეთებს შორის უნდა გააკეთოს. ფიქსირებული განაკვეთი უცვლელია ვალდებულების გადახდის განმავლობაში, ხოლო ინდექსირებული - ცვლადია, რამაც შეიძლება როგორც შეამციროს, ასევე გაზარდოს შენი შენატანები.

სასურველია, რომ ვალდებულების ყოველთვიური შენატანი შეადგენდეს შენი შემოსავლის 30%-ს. რადგან შენ ვალდებულების გარდა შეძლო დაფარო შენი საცხოვრებელი ხარჯებიც. ამიტომ მნიშვნელოვანია იპოთეკური სესხის აღებამდე გაითვალისწინო შენი შესაძლებლობები და ის შესაძლო რისკები, რომლებიც შეიძლება მას მოყვეს.

ფოტო: Andrea Piacquadio