11.04.2023
ეკონომიკური ბუმი
ეკონომიკური ბუმი არის პერიოდი ეკონომიკაში, როცა გვაქვს რადიკალური ზრდა ბიზნესში, ბაზარზე, ინდუსტრიაში ან მთლიანად ეკონომიკაში. მაგალითად, ერთი კომპანიისთვის ეკონომიკური ბუმი შეიძლება გაყიდვების სწრაფ ზრდას ნიშნავდეს. შედეგად, კომპანია ზრდის თავის წარმოებას, ასაქმებს უფრო მეტ ადამიანს და ეზრდება მოგება. ხოლო ეკონომიკური ბუმი მთელი ეკონომიკისთვის ნიშნავს მშპ-ის სწრაფ ზრდას. ამ დროს მცირდება უმუშევრობა, ვინაიდან იქმნება ახალი სამუშაო ადგილები და უფრო მეტი ადამიანი პოულობს სამსახურს. შედეგად, ადამიანებს აქვთ მეტი შემოსავალი, რომ დახარჯონ საკუთარ საჭიროებებზე, რაც ზრდის მოთხოვნას სხვადასხვა პროდუქტზე და იწვევს ფასის გაზრდას. ვინაიდან კომპანიებს აქვთ მეტი მოგება, ეს უქმნის სტიმულს პოტენციურ მეწარმეებს, რომ გახსნან ბიზნესი ან გააფართოვონ უკვე არსებული კომპანიები. ეკონომიკური ბუმი იზიდავს ასევე ადგილობრივ თუ უცხოელ ინვესტორებს, რომლებიც უფრო მეტ თანხას აბანდებენ ქვეყნის ეკონომიკასა და ინდუსტრიაში.
შეიძლება ეკონომიკური ბუმი იყოს დადებითი მოვლენა ქვეყნისთვის, რომელიც აუმჯობესებს საცხოვრებელ პირობებს და ამუშავებს ეკონომიკას, თუმცა იგი ასევე შეიძლება გახდეს ჰიპერინფლაციისა და ფასების სწრაფი ზრდის მიზეზიც, რომელიც შედეგად შეიძლება გადაიზარდოს ე.წ. „bubble-ში“. “Bubble” არის ეკონომიკური ციკლი, რომელიც ხასიათდება ფასების სწრაფი ზრდით, თუმცა ბოლოს „Bubble” სკდება და იწვევს ღირებულების მკვეთრ დაცემას, რაც უარყოფითად აისახება ეკონომიკაზე.
ეკონომიკური რეცესია
ეკონომიკური რეცესიის დროს მშპ მცირდება, რაც გამოწვეულია წარმოების შემცირებით. იგი ამცირებს შემოსავლებს, შესაბამისად, ადამიანებს რჩებათ ნაკლები ფული დასახარჯად, რაც იწვევს მოთხოვნის შემცირებას. მეწარმეები ამცირებენ წარმოებას, ათავისუფლებენ მუშახელს, რაც გაზრდილ უმუშევართა რაოდენობაში ვლინდება. გარდა ამისა, ინვესტორებს არ აქვთ სტიმული, რომ დააბანდონ თანხა ქვეყნის ეკონომიკაში, ვინაიდან მოგებას ვერ ნახავენ. მეტიც, ეკონომიკური რეცესიის დროს კრახს განიცდის საფინანსო სექტორი, მცირდება აქციების ფასები, მკაცრდება საკრედიტო პირობები და ფინანსური სექტორი მერყევია.
უმუშევრობის გამო სახელმწიფო ხაზინაში ნაკლები თანხა შედის, ამიტომ სახელმწიფო სერვისები (მაგალითად ჯანდაცვაში) მცირდება.
რეცესია ზრდის სიღარიბეს, აფერხებს ბიზნესის მოქმედებას და ინოვაციებს, იწვევს დიდ ფინანსურ პრობლემებს როგორც ინდივიდებისთვის, ასევე მეწარმეებისთვის.
ფოტო: energepic.com