02.02.2023
დევალვაცია არის ვალუტის ღირებულების მიზანმიმართული შემცირება სხვა ქვეყნის ვალუტის მიმართ. ეს მონეტარული ინსტრუმენტია, რომელსაც ის ქვეყნები იყენებენ ვისაც აქვს ფიქსირებული გაცვლითი კურსი.
ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ქვეყანა თავისი ვალუტის დევალვაციას ახდენს, არის სავაჭრო დისბალანსის წინააღმდეგ ბრძოლა, ანუ როდესაც ქვეყნის იმპორტი მეტია ექსპორტზე. დევალვაცია ამცირებს ქვეყნის ექსპორტის ღირებულებას და მას უფრო კონკურენტუნარიანს ხდის გლობალურ ბაზარზე. ამასთან, გაუფასურებული ვალუტის გამო უფრო მეტის გადახდა უწევს იმპორტირებულ საქონელში. ამიტომ ქვეყანაში იმპორტირებული საქონელი უფრო ძვირი ღირს ადგილობრივად წარმოებულთან შედარებით. ამ პირობებში, ადგილობრივ მომხმარებლებს ნაკლებად აქვთ სტიმული იყიდონ იმპორტირებული საქონელი. ეს ხელს უწყობს ადგილობრივი წარმოების გაძლიერებას.
მიუხედავად იმისა, რომ ვალუტის დევალვაცია ზოგიერთ შემთხვევაში არის მიმზიდველი მონეტარული ინსტრუმენტი, მას შეიძლება ჰქონდეს უარყოფითი შედეგებიც. იმპორტის ფასის ზრდა სასარგებლოა ადგილობრივი მწარმოებლებისთვის, მაგრამ კონკურენციის სიმცირემ შეიძლება მწარმოებლების მოტივაციაზე ცუდად იმოქმედოს და მათ ნაკლები ყურადღება დაუთმონ ხარისხის გამჯობესებას, ან მომხმარებლებისთვის ინოვაციური საქონლის შეთავაზებას. ამის გარდა, ვალუტის დევალვაციისთვის ჭარბი ფულის გამოშვებას აქვს მაღალი ეკონომიკური რისკები, რადგან ეს იწვევს ინფლაციას და ეჭვქვეშ აყენებს ქვეყნის ეკონომიკურ სტაბილურობას.
ანიმაცია: ორჯერ ორი
ფოტო: ArtHouse Studio