04.01.2023
მერკანტილიზმი იყო მთავარი ეკონომიკური თეორია მე-16 მე-18 საუკუნეებში და იმათ ვინც ამ თეორიას ემხრობოდნენ მერკანტილისტები ერქვათ. მერკანტილიზმის მიხედვით მთავრობები აწესებდნენ ტარიფებს იმპორტზე იმისთვის, რომ შეენარჩუნებინათ დადებითი სავაჭრო სალდო, ანუ თავად გაეყიდათ უფრო მეტი საქონელი ან მომსახურება სხვა ქვეყანაში, ვიდრე ეყიდათ. ეს ეფუძნებოდა რწმენას, რომ სამყაროს ჰქონდა შეზღუდული სიმდიდრე ოქროსა და ვერცხლის სახით და რომ ერებს უნდა შეევსოთ ოქროს მარაგები სხვების ხარჯზე. ამიტომ, ცდილობდნენ ქვეყნის ხაზინაში საქონლისა და მომსახურების გაყიდვით რაც შეიძლება მეტი ოქრო და ვერცხლი დაეგროვებინათ. ამას იმისთვის აკეთებდნენ, რომ მიაჩნდათ ეს იყო ერის გამდიდრების გზა.
ვაჭრობის მაქსიმალურად გაზრდისთვის, ქვეყნები არ იშურებდნენ ძალისხმევას საზღვრებს გარეთ გაყიდვების გაფართოებისთვის. ბევრი სავაჭრო პარტნიორის ყოლისთვის, მნიშვნელოვანი იყო კოლონიები. ამის მაგალითია 1764 წელს „შაქრის აქტი“, რომლის მიხედვითაც ბრიტანეთმა გაზარდა გადასახადები კოლონიების მიერ შეტანილ უცხოურ შაქარზე. ეს გაზრდილი გადასახადი მიზნად ისახავდა ბრიტანელ შაქრის მწარმოებლებს დასავლეთ ინდოეთში მოეპოვებინათ მონოპოლია. ამით ინგლისმა წარმოადგინა ფისკალური პოლიტიკა, რომელიც უკრძალავდა კოლონიებს ეყიდათ პროდუქტი სხვა ქვეყნებიდან და შექმნა სტიმულები რომ ეყიდათ მხოლოდ ბრიტანეთისგან.
ჯარებსა და საზღვაო ფლოტებს ამ დროს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ზღვაზე დომინირების მოსაპოვებლად, რომ არ შეფერხებულიყო სავაჭრო პროცესი. შედეგად ინგლისი, საფრანგეთი, პორტუგალია და ესპანეთი ხშირად ომში იყვნენ ზღვაზე უპირატესობის მოსაპოვებლად. ისიც უნდა ითქვას რომ, მერკანტილიზმმა ახალი ნედლეულის რესურსების აღმოჩენის მიზნით ხელი შეუწყო ექსპედიციებს.
მერკანტილიზმი რთულად შესანარჩუნებელი სისტემა გამოდგა, რადგან ექსპორტის გაზრდა და იმპორტის შეზღუდვა ხშირად უფრო მეტად აზიანებდა ქვეყნის ეკონომიკას, ვიდრე ეხმარებოდა. მერკანტილიზმი სხვადასხვა ფორმით კიდევ არსებობს ზოგიერთ ქვეყნებში, რომელთა მთავრობებიც ცდილობენ შეინარჩუნონ კონტროლი ვაჭრობაზე. მაგალითად, 2018 წელს, დონალდ ტრამპმა დააწესა ტარიფები ჩინეთიდან იმპორტირებულ საქონელზე. რუსეთი და ჩინეთიც ხშირად მიმართავენ მერკანტილისტურ მიდგომებს და დაბალი ფასების ხარჯზე ცდილობენ ექსპორტის გაზრდას.
ანიმაცია: ორჯერ ორი
ფოტო: Martin Hungerbühler