31.08.2023

ეკონომიკის საზაფხულო ბანაკი (ეკონომიკის ოლიმპიადა) 2023

ეკონომიკის ოლიმპიადის ფარგლებში ორგანიზებული ეკონომიკის საზაფხულო ბანაკის (ESC) მიზანია ეროვნული რაუნდის მონაწილე მოსწავლეების მომზადება ეკონომიკის ოლიმპიადის საერთაშორისო ფინალური რაუნდისთვის, რომელიც 2023 წელს სლოვაკეთში ტარდება.

ბანაკის დროს, გარდა საგანმანათლებლო ლექციებისა, რომლებიც მოიცავდა ისეთ თემებს, როგორიცაა ეკონომიკური აზროვნების ისტორია, ძირითადი ფინანსური ინსტრუმენტები, წარმოების ღირებულება, კონკურენტული ბაზრები, მონოპოლია, ოლიგოპოლია, მონეტარული სისტემები, ინფლაცია და სხვა. სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ მოემზადებინათ დამოუკიდებელი და გუნდური სავარჯიშოები, გაცნობოდნენ  რეალურ სამყაროში არსებულ ეკონომიკურ მაგალითებს და მონაწილეობა მიეღოთ ინტერაქტიულ აქტივობებში სტუმრებთან. ბანაკის დაწყებამდე სტუდენტებმა დაასრულეს ონლაინ ეკონომიკის კურსი, რომელიც მოიცავდა ექვს სესიას. 

ეკონომიკის ონლაინ კურსს და ბანაკს ხელმძღვანელობდა ალექსანდრა შალიბაშვილი. ანი გვარამაძე, ნიკოლოზ ყორანაშვილი, კლიმენტი ბერულავა, ნიკა ვანაძე და გუკა ცაგარეიშვილი საქართველოს სახელით იასპარეზებენ ეკონომიკის ოლიმპიადის ფინალურ საერთაშორისო რაუნდზე, სადაც 20-მდე ქვეყნიდან მოსწავლეები მონაწილეობენ.

მოსწავლეები და მენტორი ეკონომიკის საზაფხულო ბანაკის შესახებ:

ალექსანდრა შალიბაშვილი (მენტორი)

ეკონომიკის ოლიმპიადის მოსამზადებელი საზაფხულო ბანაკი, რომელიც კურორტ გუდაურში ჩატარდა, იყო განსაკუთრებული შესაძლებლობა ფინალისტებისთვის საერთაშორისო ფინალური რაუნდისთვის მოსამზადებლად, რომელიც სლოვაკეთში ჩატარდა. ამ ხუთ დღიანი ინტენსიური პროგრამის განმავლობაში მოსწავლეებს მიეცათ საშუალება სრულად ჩაფლულიყვნენ ეკონომიკის სამყაროში. ბანაკის მსვლელობისას ჩვენ ჩავატარეთ ყოვლისმომცველი ლექციები, რომლებიც მოიცავდა ეკონომიკის საფუძვლებს A-დან Z-მდე, ჩართული ვიყავით დისკუსიებში ეკონომიკის ფილოსოფიის შესახებ და დავუთმეთ საათები პრაქტიკული პრობლემების გადაჭრას.
სწავლის მიღმა ჩვენ მოვახერხეთ, რომ გამოგვეყო დროს სამაგიდო თამაშებისთვისაც და პრაქტიკაში გამოვიყენეთ შეზღუდული რესურსების კონცეფციები და ვაჭრობიდან მიღებული მოგება კატანის თამაშის საშუალებით.

გუკა ცაგარეიშვილი

გუდაურში ჩატარებული ბანაკი, ვიტყოდი, რომ წარმატებული გამოვიდა. პირველ რიგში, ის ცოდნა, რომელიც იქ მივიღეთ, ძალიან გამოგვადგა უშუალოდ სლოვაკეთში, და რა თქმა უნდა, ზოგადადაც. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზეზი, რატომაც ახალი ინფორმაციის სწრაფად ათვისება შევძლეთ, იყო თბილი გარემო, რომელსაც პირველ რიგში ბავშვები და ალექსანდრა ქმნიდა. საღამოობით სამაგიდო თამაშებით გართობა, ხოლო შემდეგ, დილიდან გაკვეთილები, ნამდვილად ნაყოფიერი აღმოჩნდა ცოდნის მისაღებად. გუდაურის ბანაკი იდეალური გამოცდილება იყო, რომლის შედეგადაც გუნდი უფრო შეკრული, ხოლო საერთო ცოდნა კი ამაღლებული დარჩა!

ანი გვარამაძე

ბანაკში გატარებული დღეები ეკონომიკური ოლიმპიადის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი პერიოდი იყო. ჩვენ სიღრმისეულად გავიარეთ საერთაშორისო რაუნდისთვის გამოსადეგი თემები. გარდა ამისა, მქონდა შესაძლებლობა შევხვედროდი სხვა მონაწილეებს, რომლებთანაც საერთო ინტერესები მქონდა.

ნიკა ვანაძე

უპირველეს ყოვლისა, გავაანალიზებ აკადემიურ ნაწილს და ვიტყოდი, რომ ყველაზე დიდი მიზეზი იმისა, რომ საქართველოს სხვა გამოუცდელ ქვეყნებთან შედარებით უკეთესი შედეგები ჰქონდა, არის ბანაკი. ამ პერიოდის განმავლობაში, ჩვენ უფრო მეტ დროს ვუთმობდით ეკონომიკას და ვპასუხობდით ყველა პასუხ გაუცემელ კითხვას რაც მანამდე გვქონდა. სახლში ყოფნისას ვვარჯიშობდი, მაგრამ არ ვიყავი დარწმუნებული ჩემს პასუხებში და ონლაინ შეუძლებელია ყველა კითხვის განხილვა. ამ ბანაკის დროს კი ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა გვესაუბრა ჩვენს შეცდომებზე და გამოგვესწორებინა.
ბანაკი მნიშვნელოვანი იყო არა მხოლოდ იმიტომ, რომ გავიუმჯობესე ჩემი ეკონომიკის ცოდნა, არამედ იმიტომ რომ შევიძინე მეგობრები. რომ არა ეს ბანაკი ალბათ საქართველოს სხვა მონაწილეებთან ურთიერთობა ოლიმპიადის აქტივობებისთ შემოიფარგლებოდა. ამ ხალხთან ერთად მშვენივრად ვატარებდი დროს. მახსოვს სასიამოვნო მომენტები, როცა სამაგიდო თამაშებს ვთამაშობდით. ჩემი საყვარელი (შესაძლოა არა მხოლოდ ჩემი) თამაში იყო Catan, სადაც უნდა შეაგროვო მწირი რესურსები და მიაღწიო 10 ქულას. ეკონომიკას ჰგავს - მწირი რესურსები, შეგროვება - და ალბათ ეს იყო მიზეზი იმისა, რომ ძალიან მომწონს.