06.01.2023

ჩაძირული ხარჯები

 

ჩაძირული დანახარჯები არის უკვე გადახდილი ხარჯი, რომელსაც ვეღარ აღვადგენთ. ის განსხვავდება სამომავლო დანახარჯებისგან, მაგალითად ინვენტარის შესყიდვიგან ან პროდუქტის ფასებთან დაკავშირებით. ჩაძირულ დანახარჯებს არ ითვალისწინებენ ბიზნესის სამომავლო გადაწყვეტილებებში, რადგან ისინი უცვლელი დარჩება გადაწყვეტილების ნებისმიერი შედეგის მიუხედავად.

ყველა ჩაძირული დანახარჯი არის ფიქსირებული დანახარჯი, მაგრამ ყველა ფიქსირებული დანახარჯი არ არის ჩაძირული დანახარჯი. განსხვავება ისაა, რომ ჩაძირული დანახარჯები არ ანაზღაურდება. მაგალითად, ბიზნესში თუ რაიმეს საწარმოებლად შეძენილი აღჭურვილობის ხელახალი გაყიდვა ან დაბრუნება შესაძლებელია, ვთქვათ, შეძენის ფასად, ეს არ არის ჩაძირული დანახარჯი.

ჩაძირული დანახარჯები არ ეხება მხოლოდ ბიზნესს. ამ ტიპის დანახარჯები ადამიანებსაც შეიძლება ჰქონდეთ. მაგალითად, ვთქვათ, რომ თქვენ იყიდეთ კინოს ბილეთი 25 ლარად, თუმცა მეგობრებმა გთხოვეს მათთან ერთად კონცერტზე წასვლა და ამის გამო ბოლო წუთას გადაიფიქრეთ კინოში წასვლა. თქვენს მიერ ბილეთში მიცემული 25 ლარი არის ჩაძირული დანახარჯი, რადგან მასში გადახდილი თანხა ვერც უკან დაბრუნდება და ვერც ბილეთს გამოიყენებთ სამომავლოდ. ეს შემთხვევა არ არის დამოკიდებული იმაზე, იყიდით თუ არა კინოს ბილეთებს მომავალში. 

ზოგადად, ბიზნესები უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ ფიქსირებულ და ჩაძირულ დანახარჯებს ვიდრე ადამიანები, რადგან ბიზნესისთვის ორივე ტიპის დანახარჯები უფრო შესამჩნევ გავლენას ახდენს მოგებაზე.

ანიმაცია: ორჯერ ორი

ფოტო: Kindel Media